“ღვინო ცოცხალი ორგანიზმია და შესაბამისად, როგორც მოეპყრობი ისეთ პასუხსაც მიიღებ იგივე დაგიბრუნდება და თუ ამას სიყვარულით და გრძნობით არ აკეთებ ეს აისახება ხოლმე შედეგზე. ხშირად ამბობენ, რომ ღვინო პატრონს ჰგავს. ემოციებსა და ჩვენს დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ”
თამარისთვის ღვინის წარმოებისას განსაკუთრებით საყვარელი პროცესია რთველი, რომელიც მეგობრებთან ერთად ტარდება და უდიდეს ზეიმთან ასოცირდება, დატვირთულია დადებითი ემოციებით. მიუხედავად დაღლისა, ყურძნის ლამაზი მტევნების დანახვა მისთვის დიდი სიამოვნებაა.
თბილისში დაბადებულ-გაზრდილმა თამარმა და მისმა დებმა, თინათინმა და ქეთევანმა სოფლის სახლი, მარანი და ვენახი მამისგან მიიღეს მემკვიდრეობით და ამ ყველაფერს ბიზნესის სახე მისცეს. ეს იოლი პროცესი არ ყოფილა, სოფელში ხშირად არის წყალმომარაგების, კანალიზაციისა და გზის პრობლემები. მიუხედავად ახლო წრის თანადგომისა, ზოგჯერ გარშემო მყოფებისგან აწყდებოდნენ უნდობლობას და ფრაზებს: “ შენ გააკეთე? ქალმა გააკეთა ღვინო?.” დებმა სწრაფად აუღეს ალღო მეღვინეობას და მოიპოვეს ადგილობრივების პატივისცემაც. ეს საქმე არის ოჯახური კავშირისა და მათი ერთობის განმამტკიცებელი. ჩართულები არიან სიძეებიც. მნიშვნელოვანია დედის, ციალას ჩართულობაც, ასაკის მიუხედავად ძალისხმევას არ იშურებს საოჯახო საქმის წარმატებისთვის. ოჯახის პატარ წევრებიც უკვე აქტიურად გამოხატავენ ინტერესს.
ორიენტირებულები არიან ქართლისთვის დამახასიათებელ ჯიშებზე. აწარმოებენ: ბოლნისის რქაწითელს, თავკვერს, ასევე აქვთ თავკვერის როზე. თამარისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სწორედ თავკვერს: “ის არის ღვინო, რომელსაც ჩემს ღვინოსაც ვეძახით ხოლმე. მე ვცეკვავ და მის ეტიკეტზეც არის მოცეკვავე ქალი. მქონდა აჩემება, რომ თავკვერისგან უნდა გამეკეთებინა ღვინო, ის ჩემთვის წარმატებულ პროექტთან ასოცირდება და ბევრი კარგი მოგონებაც მოჰყვა.”
2023 წელს 26 მაისთან დაკავშირებით მეღვინე ქალთა ასოციაციის მიერ დაორგანიზებულ გამოფენაზე ინგლისში მონაწილეობას იღებდა “მამისეული მარანიც”.
საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი მიღება ჩაატარა ისტორიულად ინგლისელი მეღვინეების გაერთიანების შენობაში. მაღალი დონის სტუმრებს ჩვენი ეროვნული დღის ზეიმზე გაუმასპინძლდნენ ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოებით. გამოფენის შედეგად რამდენიმე მეღვინე ქალის ღვინო ექსპორტზეც წავიდა ლონდონში, მათ შორის “მამისეული მარანიც”. თამარს ძალიან ემოციური დამოკიდებულება აქვს ინგლისთან: “ ოდესღაც წლების წინ ვსწავლობდი ოქსფორდში და ხშირად დავდიოდი ლონდონში. გავიდა წლები და ისევ დავბრუნდი ამ ჩემს საყვარელ ქალაქში, ჩემი ქვეყნის სახელით, სადაც ჩემი შექმნილი პროდუქტი, ჩემი შექმნილი ღვინო წარვუდგინეთ ლონდონის მაღალ საზოგადოებას ულამაზეს დარბაზში. “
“მამისეული მარნის” შეძენა შესაძლებელია: თბილისში(8000 მოსავალი, ნინო მერის ღვინის სელექცია, ვაინ მარკეტი, ვინტნერი, კალათა გრუპი, რესტორანი არქივი.) ბათუმში(georgian wine hub ), ბერლინში ( 8000 მოსავალი) 1 თვის წინ შვეიცარიაში წავიდა ექსპორტზე.
ავტორი: ნინი უსენაშვილი
Comments