დედაჩემმა გამოჩხრიკა ჩვენი ლიხს იქეთა ნათესავის, ლიხს აქეთა მეზობელი, ფეისბუკზე.
ამ მეზობელს აღმოაჩნდა 40 წლის უცოლო, ძმისშვილად რომ ეკუთვნის ეგეთი ვიღაცა.
დედაჩემს 37 წლის გასათხოვებელი მე.
მოკლედ, ამ ორის ტელეფონებში რაც ფოტოები მოიძებნა, სასწრაფო წესით გაგზავნილ იქნა ერთმანეთთან.
ოღონდ, ჩემი ფოტო იყო - პიანინოსთან ვარ ჩუსტებით და იმ ბიჭის ფოტო იყო - სახლში, ხაჭაპურთან ტუფლებით.
აუჰ, კაი გოგოა და სად დადის, სად შევახვედროთ ერთმანეთსო.
მარინამ უთხრა: - ეს-ო, სულ მიტინგზეაო და ერთხელ მეც გამოვყვები, სიგნალს მოგცემთო და თქვენც ვითომ შემთხვევით შემოგხვდითო.
ისეთი ქოცები აღმოჩნდნენ, მარინას დაბლოკვა მოუწია.
ეხლა ვზივარ და ვამხნევებ, ""29 ში დასაწყვილებელთა"" მარშზე წაგიყვან აუცილებლად - მეთქი....
ა, ხო და კიდევ მეუბნება აწი 40 მდე სულ 36 თქვიო….
***
ჩემს სახლსა და დარბაზს შორის, პატარა კაფე აქვს მეგობარს.
სავარჯიშოდ ხშირად ფეხით დავდივარ.
ჟორაც ნაირ ნაირ ყავას მისხამს ყველა ჯერზე.
ამას წინათ, არცთუ ისე სიმპატიურმა, ‘’მაგრამ თუ კარგი ადამიანია არაუშავს’’, ბიჭი მუხლად ჩამივარდა - მე დაგპატიჟებ ყავაზეო.
ყავის ფულს ისედაც არასოდეს მახდევინებს ჟორა, მაგრამ რადგან ამან თავი მოიგიჟიანა, მივაწოდებინე ტერმინალი.
ესე, რამდენიმე დღე განმეორდა.
დღეს ნამეტანი კვასკვასა პომადით მივედი.
ის არ დამხვდა.
ეს ჩემი მეგობარი პომადის განზრახვას მიმიხვდა და მეკითხება; - იცი შენ, ეგ ტიპი ვინ არის-ო?
-რავი, მე ესე მითხრა ღვინოს ვაკეთებ კახეთში-ო.
-შეიძლება მაგასაც აკეთებს - თქვა და ჩათლახურად ჩაიღიმა.
-აბა, სხვას კიდევ რას - მეთქი.
-აი, როცა შენ პარლამენტის წინ დგახარ, მაშინ დგას ეგ პარლამენტის უკან - ო.
-მოიცა, როცა მარბევენ?
-ჩურჩუტ, კი და როცა არ გარბევენ მაშინაც იქაა და გისმენს - ო.
-კი მაგრამ, შენ რა იცი? - მოვეჭიდე ხავსს…
-გოგოო, ტიტუშკა იცნო მთელმა თბილისმა ბოტასებით და ამან რატომ იფიქრა რომ, შენთვის ამხელა ძალოვანის თანამდებობას დაგიმალავდა არ ვიციო და დგას ეხლა და კვდება სიცილით.
მე კიდევ ეს წითელი პომადა ისე მცხვენია….
***
დღეს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ვივარჯიშე.
ფოიეში მამაჩემის ტოლა მაფიოზების ‘’კუტოკი’’ შემხვდა და გზის გადაღმა რესტორანში მეც ავღმოჩნდი.
სუფრასთან ისეთ კაცთან მოვხვდი ახლოს, აი შევარდნაძის დროს რომ ცოტა იყაჩაღა, მერე მიშას დროს რომ იძალადა, ამათ დროს საკაიფოდაც იკორუფციონერა და ახლა ნაადრევ პენსიაზე მყოფს, ფანტაზია რომ არ ყოფნის, საუნაში ჯდომის იქეთ დრო რითი მოკლას.
-დიდი მადლობა და მე დაგტოვებთ-თქო.
აიჰ, რატომ კაცომო, შეიცხადეს.
-ეხლა უნდა დავისვენო, რომ საღამოს მიტინგისთვის ენერგია მოვიკრიბო- მეთქი.
-უი, ნაციონალი ყოფილხარ-ო? აი ეს კაცი მეკითხება.
-და თქვენი სკოლის დირექტორი თქვენი ნათესავი იყო?- თქო - მე ვკითხე.
-ეგ რა შუაშია - ო.
-აბა, მოვლენებსა და ადამიანებს, შესაბამის სახელს თუ ვერ არქმევს ადამიანი, იმას სკოლის ატესტატის აღება გაუჭირდებოდა - თქო, ვთქვი და წამოვდექი სკამიდან.
ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ზედმეტად ნაჭამი რომ არ ვყოფილიყავი, რაღაც პონტში შემეშინდებოდა კიდეც.
იმას გველის ნაკბენი გამოესახა სახეზე.
ეხლა ავტობუსში ვზივარ და ვფიქრობ, ნეტა რომელი უფრო ეწყინა, ჩემი ‘’მომიტინგეობა’’ თუ ‘’ჩაწყობილი ატესტატი’’....
***
ჩემს სკოლაში ერთი ბიჭი იყო, ლევანი.
მე რომ მეცხრეში გადავედი, ის გადავიდა მეთერთმეტეში.
არც რამე ვაჟკაცობა ჩაედინა სკოლის ცხოვრებაში.
დიდად არც სწავლით გამოირჩეოდა.
ლამაზი გოგო ყვარობდეს, არც ეგ გამეგო ოდესმე მასზე.
ტანსაცმელიც, ეცვა ყოველთვის, მუქი.
სამაგიეროდ სანდრო გახდა უცებ ისეთი ვარსკვლავთ ბიჭუნა, მასწავლებლები ნიშნებს ღირსეული თვისებების გამოც უმატებდნენ.
მოცეკვავე მამამისმა იმ ზამთარს ისეთი ფირუზისფერი ქურთუკი ჩამოუტანა გასტროლიდან, სკოლაში კი არა, ჩემს უბანშიც ეპრანჭებოდნენ ასაკით პატარა ბიჭს გოგოები.
იმ დღეს, გამოცდის წინ, ღია ფანჯარასთან დავდექი.
დავინახე: ლევანამ შტირი გახსნა და სანდროს მოუქნია.
მე დავიკივლე, რის შედეგადაც საძილე არტერიის ნაცვლად, სანდრო მხარში დაიჭრა და გადარჩა.
დღეს საღამოს ისევ სკოლის ეზოში უნდა დავდგე და დავიკივლო.
რომ ლაჩარმა, უნიჭო და გოიმური შურით სავსე მთავრობამ, ქვეყნის ჯანმრთელ, ღირსეულ და პროგრესულ მომავალს არ გამოუღადროს კისერი.
Comments